ახალი კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ

2023-06-22

ელექტრონული კომერციის ინდუსტრია სწრაფად ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საერთაშორისო ვაჭრობაში. განსაკუთრებით მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2019 წლის შემდგომ, რასაც ხელი კოვიდ პანდემიამ შეუწყო, თუმცა საქართველოში ელექტრონული გაყიდვების წილი საცალო გაყიდვებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. მაგალითისთვის, ევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოში ჯერ მხოლოდ 1.1%-ია.

სფეროს განვითარების და საქართველოს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“

ბიზნეს ოპერაციების რა მიმართულებებს არეგულირებს ეს კანონი და რატომ არის მისი მიღება ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე, ნათია ნინიკელაშვილმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ჩოხელმა ბიზნეს ფორმულას ეთერში.

„ელექტრონული კომერცია უკვე ათწლეულებია ვითარდება, ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებში უკვე ძალიან დიდი გამოცდილება არსებობს და რა თქმა უნდა მარეგულირებელი გარემოც უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს, საქართველოში ამაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო USAID-ის მხარდაჭერით და კანონპროექტზე მუშაობაც ამ პერიოდიდან მიმდინარეობს, საბოლოო ბიძგი ამ პროცესს კი კოვიდ პანდემიამ მისცა, მაშინ როცა ფიზიკური ვაჭრობა შეუძლებელი იყო, მერჩანტებს დარჩენილი ჰქონდათ მხოლოდ ელ კომერცია და მასიურად დაიწყეს ელექტრონული პლატფორმების გამოყენება და ონლაინ გაყიდვა, შესაბამისად გამოჩნდა ხარვეზები, პრობლემები და ჩავარდნები ბაზარზე რეგულაციების თვალსაზრისით, რამაც კიდევ უფრო აქტიურად დააყენა დღის წესრიგში, მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა. ეს კანონი არის ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად შემუშავებული, კარგად გამოცდილი და აპრობირებული მექანიზმები, რომლებიც ჩვენ შემოვიღეთ, ეს კანონი სხვა ბევრ კანონთან ერთად ქმნის ეკოსისტემას, გამომდინარე იქიდან რომ ელ კომერცია ბევრი სუბიექტისგან შედგება. ამ კანონის სიახლეები ორ ძირითად კომპონენტად შეგვიძლია დავყოთ, ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცდა და ეს არის შუალედური მომსახურების მიმწოდებლების, (ესენი არიან ბიზნეს სუბიექტები ((ინტერნეტის მიმწოდებლები, ქეშირების სერვირების მიმწოდებლები, ჰოსტინგის სერვისის მიმწოდებლები და ა.შ.)), უფლება მოვალეობების უფრო კონკრეტულად განსაზღვრა და მათი უფლებების დაცვა. განაცხადა, ნინო ჩოხელმა.

კანონთან ერთად, ბევრი სიახლე შემოვიდა ბიზნესებისთვის, საქართველოს ელექტრონული კომერცია კი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სწორედ ამაზე ისაუბრა ასოციაციის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ნათია ნინიკელაშვილმა.

„ასოციაცია უკვე დიდი ხანია ჩართულია ამ კანონპროექტის შემუშავებაში, როგორც შუალედური რგოლი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. ბიზნესისთვის ამ შემთხვევაში საჭირო გახდა მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენა, ეს გულისხმობს იმას რომ კანონი დღეს ავალდებულებს ონლაინ ბიზნესს, რომ რასაც ისინი ონლაინ ყიდიან, კარგად უნდა ჰქონდეს გაწერილი წესები და პირობები, ე.წ "ელექტრონული ხელშეკრულება", სადაც დეტალურად იქნება აღწერილი რა პირობებით სთავაზობს სერვისსა თუ პროდუქტს მომხმარებელს. ამ ჩარჩო ხელშეკრულებით განისაზღვრა რა აღწერილობა უნდა ჰქონდეს პროდუქტს, რომ აუცილებლად უნდა დავურთოთ ფასი, აღწერილობა უნდა იყოს ქართულად ა.შ. გამომდინარე იქიდან რომ კანონი ახლახან შევიდა ძალაში, აუცილებელია რომ ბიზნესებამდე სწორად მივიდეს ინფორმაცია, ამაში ჩართული კი სწორედ ასოციაციები უნდა იყვნენ. ჩვენი როლი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. როცა კითხა უჩნდება წევრს კომპეტენტურმა მხარემ უნდა გასცეს სწორი პასუხი, რომ ბიზნესის მხრიდან სწორად განისაზღვროს აქტივობები.

ნათია ნინიკელაშვილმა, ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს კანონს. "მთავარ პრობლემად რაც ამ კანონის მიღების შემდეგ რჩება ელექტრონული კომერციისთვის, არის საერთაშორისო გადახდის სისტემებთან ურთიერთობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება, ხოლო რამდენად არის კანონი თანხვედრაში საერთაშორისო გადახდების სისტემებთან ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, თუმცა თანდათან პრაქტიკა გვაჩვენებს თუ როგორ დავხვეწოთ ხარვეზები ისე, რომ არც ბიზნეს შევუშალოთ ხელი და მომხმარებელიც დაცული იყოს.

გადაცემაში, ნინო ჩოხელმა ხაზი გაუსვა, კანონის გამჭვირვალობას, რაც ი ქომერს ბიზნესში ჩართული ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია.

"ბიზნესის პერსპექტივიდან, კანონპროექტის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის გამჭვირვალობა, როდესაც მივდივართ პასუხისმგებლობის გადანაწილებასთან. სად მთავრდება მომხმარებლის და სად იწყება ბიზნესის ან შუალედური რგოლების უფლებები და პასუხისმგებლობები. დიდი ხანი მიმდინარეობდა ამ თემებზე მსჯელობა. საუბარია, არალეგალური მავნე კონვენტის ან პროდუქტის განთავსება და შემდგომ ინტერნეტ სივრციდან აღებაზე, ვისი ვალდებულებაა ეს და რამდენად შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს შუალედურ კომპანიებს (მაგ: ჰოსტინგ კომპანია), რომლებიც საერთოდაც არ არიან ინიციატორები და მხოლოდ გამტარ ფუნქციას ასრულებენ. ამ კუთხით არსებობდა გაურკვევლობები და კანონმა დაადგინა რომ ამ ტიპის სერვისს პროვაიდერები, არ არიან ვალდებულები მონიტორინგი გაუწიონ კონვენტს, გარდა იმ შემთხვევისა როცა მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, ანუ თუ მათ სასამართლო ან შესაბამისი ორგანო მიაწვდის ინფორმაცია ამა თუ იმ გვერდზე არსებული მართლსაწინააღმდეგო კონვენტის შესახებ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულები არიან კონვენტი აიღონ, სხვა შემთხვევაში ისინი სრულიად თავისუფლდებიან ვალდებულებებისგან.

გარდა ამისა, ნინო ჩოხელმა ისაუბრა პროგრამის მომავალ გეგმებზე

"ჩვენ გვაქვს ორი მიმდინარე საგრანტო პროექტი, ვთანამშრომლობთ საქართველოს ელექტრონული კომერციის და საკომუნიკაციო კომპანიების ასოციაციებთან. პირველი საგრანტო პროექტი მდგომარეობის იმაში, რომ თავად სექტორი უნდა შეთანხმდეს, კანონის გარდა უფრო მაღალი სტანდარტის წესებზე, რასაც ე.წ. „ეთიკის კოდექსს“ ვუწოდებთ, ანუ მექანიზმი, როდესაც სექტორი თავად არეგულირებს თავის თავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბაზრის "პატარა მოთამაშეებისთვის". გრანტის ფარგლებში სწორედ ამ კოდექსის გზით და კერძო სექტორის „ძლიერ მოთამაშეებთან“ თანამშრომლობით, ჩვენ შევეცდებით „პატარა მოთამაშეებსაც“ დავეხმაროთ ახალი კანონმდებლობის დანერგვაში და ეთიკის კოდექსის გავრცელებაში. საბოლოოდ შემოვა ტრანსმარკის სქემა, როგორც ხარიხის ნიშანი. ის კომპანიები კი, რომლებიც დააკმაყოფილებენ ეთიკის კოდექს და გაივლიან შესაბამის აუდიტს მიენიჭებათ ხარისხის ნიშანი, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება იმის მანიშნებელი, რომ ეს კომპანია არის სანდო და იცავს მათ უფლებებს".

 ამ პროცესში, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის როლზე გაამახვილა ყურადღება, ნათია ნინიკელაშვილმა.

„ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, ინსტიტუტებთან, ასევე გვაქვს მჭიდრო კავშირი ჩვენს წევრებთან და ვცდილობთ ინფორმაცია მივაწოდოთ, კანონის შესახებ, სხვადასხვა საინფორმაციო არხებით, იმისთვის რომ გავზარდოთ ცნობიერება ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ვცდილობთ ჩავატაროთ შეხვედრები, როგორც ონლაინ ასევე, პირისპირ, რომ კარგად განვუმარტოთ, რო სანამ პატარაა ბიზნესი, მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები გადაიდგას, იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ დავები, რომელიც ბიზნესს, როგორც ფინანსურად, ასევე რეპუტაციულად ძალიან აზარალებს"

 „კანონი არ გვზღუდავს არამედ იცავს ორი მხარეს, როგორც ბიზნესს ასევე მომხმარებელს და მათ უფლებებს“